„ჩვენ, ყველანი, ოდესღაც ბავშვები ვიყავით და ვეტრფით ჩვენი შვილების კეთილდღეობას, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება უნივერსალური მაქსიმა მთელი კაციობრიობისთვის.“
კოფი ანანი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი,
ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში
სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვისთვის სკოლის შერჩევისას მშობლები ხშირად ვარდებიან საგონებელში. სასურველი სკოლის ძიებისას აღმოაჩენთ, რომ მათი უმრავლესობა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ბავშვზე მორგებულ სასწავლო პროცესთან ერთად საჭიროა ისეთი გარემოს პოვნა, სადაც ბავშვი განივითარებს ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის აღიარებული და მხარდაჭერილი. ის აერთიანებს ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს – ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს ბავშვის უფლებათა კოდექსიც მიიღო.
რა არის საჭირო ბავშვთა უფლებების დასაცავად?
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ეყრდნობა ბავშვის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც საჭიროა:
- ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება;
- ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება;
- მისი ღირსების დაცვა;
- კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვა;
- განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზება და დაცვა ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე;
- ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა, – საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მომზადება;
- ბავშვის მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით, განსაკუთრებით – მშვიდობის, ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით აღზრდა;
მიუხედავად აღნიშნულისა არაერთი სტატისტიკა ცხადყოფს ბავშვთა სავალალო მდგომარეობას უკლებლივ ყველა მიმართულებით. საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიური და მისასალმებელია, თუმცა თუ მათ აღსრულების სათანადო მექანიზმი არ იქნება შემუშავებული, ყოველივე ფარატინა ქაღალდზე დაწერილ ფორმალურ ტექსტად დარჩება.
რა უნდა ვიცოდეთ სკოლის შერჩევისას?
თუ ადამიანის ცხოვრების ეტაპებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ რომ სკოლის ეტაპი ყველაზე ხანგრძლივი ეტაპია და შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანიც. პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზეც სკოლის ზეგავლენა უაღესად დიდია.
სამწუხაროდ, ბავშვების უმრავლესობა სკოლის შემდეგ სრულიად მოუმზადებელია ცხოვრების ახალი ეტაპისთვის – სკოლაში მიღებული ცოდნას ვერ იყენებს, საჭირო უნარები კი განუვითარებელი აქვს.
ცალსახაა, რომ მშობელთა დილემა, თუ რომელ სკოლას ანდოს შვილის სწავლა-განათლება დღევანდელ რეალობაში, მარტივი გადასაწყვეტი არ არის.
გთავაზობთ რამდენიმე საკითხს ზემოაღნიშნული ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, თუ რა უნდა იცოდე სკოლაზე სანამ საკუთარი შვილის მომავალს ანდობ.
- ინდუქციური მიდგომა – როგორც წესი მოსწავლეს მიეწოდება მზა და საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია. უნდა იცოდე მასწავლებელი მისგან მოითხოვს ინფორმაციის დაზუთხვას თუ არჩევს მაგალითს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რა საშუალებით ან მეთოდით მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეს ისე, რომ იყოს აღქმადი. მართავს თუ არა დისკუსიას მიწვდილ ინფორმაციაზე და ეხმარება თუ არა მოსწავლეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისას. – განათლების უფლება.
- არასტანდარტულად აზროვნების უნარი – ხშირია შემთხვევა, როცა სკოლის კოლექტივი ყველანაირად ცდილობს, ბავშვის აზროვნება „მოარგოს“ ზოგად ნორმებს. განსხვავებული აზროვნების ბავშვები და მათი განსხვავებული გადაწყვეტილებები მასწავლებლების მხრიდან ხშირად უგულვებელყოფილია, რადგანაც ასეთი ბავშვი, როგორც წესი, ზედმეტ ენერგიასა და ჩართულობას მოითხოვს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ნაცვლად კრეატიული აზროვნებისა, ბავშვი იწყებს შაბლონურად აზროვნებას. ამიტომ დარწმუნდი, რომ შერჩეულ სკოლაში პატივს სცემენ ,,ტიტანურ აზრებს“ – პიროვნული განვითარების უფლება.
- მოტივაცია – ,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ – სანამ გატკბილდებოდეს, სამწუხაროდ, არაერთი მოსწავლე კარგავს კენწეროში სწავლის მოტივაციას, ცოდნის დონის შესამოწმებლად დადგენილი გაუთავებელი შემაჯამებლების წერის, ტესტირებისა და გამოცდების გამო. სამწუხაროდ ასეთ დროს მოტივაცია არის ნიშანი და არა მიღებული ცოდნა. ნიშნის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ, ბავშვი არის თუ არა მზად საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის.
- სრულფასოვანი მოქალაქე თუ მორჩილი მსახური – სკოლების უმრავლესობა მკაცრად მოითხოვს მოსწავლეთა მორჩილებას და უგულვებელყოფს ბავშვის უფლებას, – მოსმენილი იქნას მისი აზრი იქნას. ,,ბავშვები უნდა იცნობდნენ თავიანთ უფლებებს“ – ეს არ არის ლოზუნგი, ეს არის ქვაკუთხედი ბავშვის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაზე. შესაბამისად, სწორედ სკოლაა გარემო სადაც ბავშვებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ დააფასონ თავიანთი უფლებები და როგორ ისარგებლონ ამ უფლებებით.
აუცილებელია მოსწავლეების ხელშეწყობა, რათა მათ დაუბრკოლებლად ისარგებლონ მათთვის მინიჭებული უფლებებით სასკოლო გარემოში. სწორედ ამგვარად ემზადებიან ისინი დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის.
არასდროს დაგავიწყდეს ჰკითხო აზრი შენს შვილს, რადგან
მასზე უკეთ არავის შეუძლია გაგაგებინოს მისი ნამდვილი სურვილები.
,,არ არსებობენ ბავშვები, არსებობენ ადამიანები” – თქვა გამოჩენილმა პოლონელმა პედაგოგმა, მწერალმა, ექიმმა და საზოგადო მოღვაწემ იანუშ კორჩაკიმ.